ლიტვის სეიმის სპიკერს საქართველოს ევროპულ არჩევანში ეჭვი არასდროს ეპარებოდა - ამის შესახებ თავად ლორეტა გრაუჟინიენემ განაცხადა თბილისში, საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენციაზე გამოსვლისას. მან აღნიშნა, რომ ევროკავშირის თავმჯდომარეობის პერიოდში ლიტვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივაა. ლორეტა გრაუჟინიენეს შეფასებით, საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე ბევრი რამ გააკეთა და ამიტომ ბუნებრივია, რომ ვილნიუსის სამიტისგანაც ბევრს ელის. ”ჩვენ, ლიტველებსაც დიდი მოლოდინი გვაქვს უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ საქართველო ყოველთვის მიგვაჩნდა ერთგულ მეგობრად და მოკავშირედ, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი მიზეზია ის, რომ ევროკავშირს სურს აღმოსავლეთ მეზობლები იხილოს დასავლეთის უსაფრთხო და თანამედროვე სახელმწიფოთა რიგებში", - განაცხადა ლიტვის სეიმის სპიკერმა.