იტალიის ნაპირთან, სულ ცოტა, 94 ადამიანი დაიღუპა მიგრანტების ნავის ჩაძირვის შედეგად. ინციდენტი სამხრეთში მდებარე კუნძულ ლამპედუზასთან მოხდა. იტალიის ჯანდაცვის უწყების წარმომადგენელმა, ანტონიო კანდელამ გააცნო ჟურნალისტებს ინფორმაცია ნავის ჩაძირვის მიზეზზე: „პირველი მოწმის ჩვენებით, რომელიც ამ სამი საათის წინ მოვისმინეთ, ნავს ცეცხლი წაეკიდა და ამის გამო ყველა წინ გავარდა და ამან გამოიწვია ნავის გადატრიალება. ასობით ადამიანი ჩაცვივდა ზღვაში“, - ამბობს იტალიის ჯანდაცვის უწყების წარმომადგენელი. მიმდინარეობს სამაშველო ოპერაციები, მაგრამ შიშობენ, რომ დაღუპულთა რიცხვი გაიზრდება. ნავში, სავარაუდოდ, 500-მდე ადამიანი იმყოფებოდა. გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ინფორმაციით, მიგრანტების უმრავლესობა ერითრეიდან და სომალიდან იყო. კუნძული ლამპედუზა ტუნისსა და სიცილიას შორის მდებარეობს და ბევრი მიგრანტისთვის არის კარიბჭე ევროკავშირში შესაღწევად.