შსს: „ჯიჰადის ვიდეოს“ საქმე გახსნილია

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ სოხუმში მცხოვრები ყირგიზეთის მოქალაქე ეჭვმიტანილია საქართველოსთვის მუქარის შემცველი „ჯიჰადის ვიდეოს“ შექმნასა და გავრცელებაში. დღეს გამართულ ბრიფინგზე სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ეჭვმიტანილს ბრალი წაუყენეს ინფორმაციის საქვეყნოდ გავრცელებაში „ტერორისტული აქტის ჩადენისკენ მოწოდების მიზნით“ და დაუსწრებლად შეუფარდეს წინასწარი პატიმრობა. პოლიციის ინფორმაციით, მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები ეწვმიტანილის დაკავების მიზნით. ამავე წყაროს თანახმად, ყირგიზეთის მოქალაქე ქსელის უფროსი ინჟინერია აფხაზეთის „აკვაფონში“, რომელიც რუსეთის მობილური ოპერატორის, „მეგაფონის“ შვილობილი კომპანიაა დე ფაქტო რესპუბლიკაში. ვიდეორგოლში სათაურით „თალიბანის ჯიჰადი ავღანეთში ქართველი სამხედროების წინააღმდეგ“, რომელიც ივნისის დასაწყისში გავრცელდა ინტერნეტით, მამაკაცის ხმა ინგლისურად ემუქრება ქართველ სამხედროებს და აფრთხილებს მათ ბრძოლის საქართველოში გადატანის შესახებ.