პოლიტიკიდან წასვლამდე ივანიშვილი "ალბათ ვერ მოასწრებს" აშშ-ში გამგზავრებას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ვარაუდობს, რომ პოლიტიკიდან წასვლამდე ვერ მოასწრებს ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტს. ივანიშვილმა საქართველოს ტელევიზიების წარმომადგენლებთან ოთხშაბათს გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ბოლო გადაწყვეტილებით, ვიზიტი ნოემბრისთვის იყო შეთანხმებული, თუმცა ის "ალბათ ვერ" ჩატარდება.
"მე არ ვთვლი, რომ ეს არის ტრაგედია“, აღნიშნა ივანიშვილმა. მისივე თქმით,. საქართველო მაქსიმალურად უნდა გაუფრთხილდეს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობას და შეეცადოს, რომ შეერთებული შტატების ინტერესები საქართველოში არ შესუსტდეს. ივანიშვილის თქმით, მას მიღებული აქვს ამერიკის შეერთებული შტატებისგან დაპატიჟება და "ამ მხრივ ქართველი ხალხი თავს შეურაცხყოფილად არ უნდა გრძნობდეს". ტელეკომპანიების წარმომადგენოლებთან ბიძინა ივანიშვილის შეხვედრაზე წამოჭრილ საკითხებს შორის იყო ასევე ვითარება ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მოსაზღვრე სოფელ დვანში და ის გარემოება, რომ ბიძინა ივანიშვილი დვანში არ ჩასულა კრიზისული ვითარების მიუხედავად. საუბარი შეეხო „ქართული ოცნების“ წინსაარჩევნო დაპირებებს და მათი შესრულება-არშესრულების თემასაც. ივანიშვილმა კრიტიკულად შეაფასა ჟურნალისტების მუშაობა და მათ მოუწოდა არგუმენტებით გამყარებული კრიტიკისკენ.