საქართველოს ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზებთან ბარიერების აღმართვის გამო შეშფოთება გამოთქვა და რუსეთს მათი გაუქმებისკენ მოუწოდა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კეტრინ ეშტონმა. მისი განცხადებით, მსგავსი ქმედებები ეწინააღმდეგება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მნიშვნელოვან სირთულეებს უქმნის ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას და რეგიონების სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის სერიოზულ პრობლემებს ქმნის. ეშტონმა კვლავ დაადასტურა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.