წინასაარჩევნოდ საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია ქვეყანაში უმცირესობების კუთხით და საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმართებაში წარმოქმნილ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას. ამ ორ საკითხთან დაკავშირებით ვიზიტის ბოლოს გამართულ პრესკონფერენციაზე დელეგაციის ხელმძღვანელმა მარიჩელ მატეუ პიმ ისაუბრა. მისი თქმით, დელეგაციამ მიიღო ინფორმაცია უმცირესობათა მიმართ არაშემწყნარებლური დამოკიდებულების შემთხვევების შესახებ. ამასთან დაკავშირებით დელეგაცია დაუშვებლად მიიჩნევს ეთნიკური თუ რელიგიური ხასიათის დელიკატური საკითხების პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას. განსაკუთრებით ისეთ მრავალეთნიკურ საზოგადოებაში, როგორიცაა საქართველო. რაც შეეხება საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებულ საკითხებს, როგორც მარიჩელ მატეუ პიმ აღნიშნა, დელეგაცია შეწუხებულია საზოგადოებრივი მაუწყებლის გარშემო შექმნილი კონფლიქტური სიტუაციით. ის მიიჩნევს, რომ წახალისებული უნდა იყოს დებატები საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის.