გერმანიის არჩევნები: ანგელა მერკელი მესამედ ჩაუდგება სათავეში ქვეყანას

დღეს დილით გამოქვეყნდა გერმანიის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგები, რომლის მიხედვით 22 სექტემბრის არჩევნებში კანცლერ ანგელა მერკელის კონსერვატიულმა პარტიამ გაიმარჯვა, თუმცა, ვერ მოახერხა აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვება. მერკელის ბლოკმა, რომლის შემადგენლობაშიც არიან „ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირი“ და „ქრისტიანულ-სოციალური კავშირი“, ამომრჩეველთა ხმების 41,5% მიიღო. მერკელის პარტიას სულ ორი ადგილი დააკლდა პარლამენტში იმისათვის, რომ აბსოლუტური უმრავლესობა მოეპოვებინა. არჩევნების შედეგად, ანგელა მერკელი მესამედ ჩაუდგება სათავეში ევროპის უდიდეს ეკონომიკას. მერკელის ამჟამინდელმა კოალიციურმა პარტნიორმა ბიზნესის მახრდამჭერმა „თავისუფალმა დემოკრატიულმა პარტიამ“ 5%-ზე ნაკლები მოაგროვა, რაც პარლამენტში შესასვლელად საკმარისი არ არის. არსებული შედეგებით, პოტენციური დიდი კოალიციის შესაქმნელად მერკელს მოლაპარაკება მოუწევს მემარცხენე-ცენტრისტ სოციალ-დემოკრატებთან, რომელთა შედეგია 25,7%. სავარაუდოდ, რამდენიმე-კვირიანი რთული მოლაპარაკებები დასჭირდება ახალი კოალიციის ფორმირებას.