ავღანეთში მოკლეს ადგილობრივი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე

ავღანეთში მოკლეს ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ კონდუზის დამოუკიდებელი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ამანულა ამანი. ცნობების თანახმად, მას ორმა მოტოციკლისტმა ესროლა. ამანი ამის შემდეგ რამდენიმე წუთში, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენლის თქმით, ამანი ხშირად დადიოდა ქალაქში დაცვის გარეშე მიუხედავად იმისა, რომ სამართალდამცავი ორგანოები მას სთავაზობდნენ დაცვით უზრუნველყოფას. მომხდარზე პასუხისმგებლობა თალიბანმა იკისრა. ამავდროულად, თალიბანი მოქალაქეებს აფრთხილებს, არ მიიღონ მონაწილეობა მომავალ წელს დაგეგმილ არჩევნებში. კვირის დასაწყისში ავღანეთის ხელისუფლებამ დაიწყო 2014 წლის 5 აპრილის არჩევნებში მონაწილე კანდიდატთა მონაცემების მიღება.