ბარაკ ობამა თანახმაა მისცეს რუსეთს შანსი დიპლომატიური გზით მოაგვაროს სირიის კრიზისი

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები მიცემენ რუსეთს შესაძლებლობას სცადოს სირიის შესახებ თავისი ინიციატივის განხორციელება. ინიციატივა გულისხმობს სირიის ქიმიურ იარაღზე საერთაშორისო კონტროლის დაწესებას. თეთრი სახლიდან სატელევიზიო მიმართვისას ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ „ძალიან ადრეა იმის თქმა“ - იქნება, თუ არა წარმატებული მოსკოვის გეგმა. აშშ-ის პრეზიდენტის თანახმად, ვაშინგტონის მოკავშირეები საფრანგეთი და ბრიტანეთი ითანამშრომლებენ რუსეთთან და ჩინეთთან გეგმის დეტალების შესამუშავებლად. თუმცა, ობამამ განაცხადა ისიც, რომ გეგმის ჩაშლის შემთხვევაში შეზღუდული სამხედრო ოპერაციის ჩატარება აუცილებელი იქნება. ბარაკ ობამას განცხადებით, უმოქმედობამ შესაძლოა, შექმნას ქიმიური იარაღის გამოყენების საშიში პრეცედენტი, საფრთხე აშშ-ისა და მისი მოკავშირეების ინტერესებისთვის და წაახალისებს ირანს. ობამამ აღნიშნა, რომ მან სამხედრო მზადყოფნის მითითება მისცა არმიას, კონგრესს კი სირიის შესახებ რეზოლუციაზე კენჭისყრის გადადება სთხოვა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი მოსკოვში გაემგზავრება, პრეზიდენტი ობამა კი მუდმივ კომუნიკაციაშია რუსეთის პრეზიდენტთან.