საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან დათხოვნილი გიორგი ბარათაშვილი მიიჩნევს, რომ მისთვის უნდობლობის გამოცხადების საფუძველი არ არსებობდა. ”ახალი ეთერი მზადდებოდა და არ ვიცი, რამდენად გონივრულია სამეურვეო საბჭოს მოქმედება ახალი სეზონის წინ, თუმცა მსგავსი გადაწყვეტილებები წინასაარჩევნოდ ტყუილად არ ხდება და ამაში პოლიტიკურ მხარეს ვხედავ”, - განაცხადა ბარათაშვილმა. მან აღნიშნა, რომ პოლიტიკურ მხარეში გულისხმობს ნაციონალურ მოძრაობას, რადგან სამეურვეო საბჭო ამ პარტიის მიერაა დაკომპლექტებული. გიორგი ბარათაშვილი სამეურვეო საბჭომ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან წელს მარტშიც დაითხოვა, რასაც წინ უძღოდა ბარათაშვილის მიერ პირველი არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსობიდან ხათუნა ბერძენიშვილის გათავისუფლება და ბერძენიშვილის მიერ ბარათაშვილის დადანაშაულება პოლიტიკურ ზეწოლაში. 2013 წლის 15 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი ბარათაშვილის სარჩელი დააკმაყოფილა და თანამდებობაზე მისი დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.