საქართველოს შს-თა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სამინისტროში რჩება ბოლო წლებში მოპოვებული უკანონო ფარული ჩანაწერების შემცველი კიდევ 26 ათასამდე ფაილი. ღარიბაშვილის განმარტებით, მოქალაქეთა პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების განადგურების შემდეგ კომისია განაგრძობს მსჯელობას სხვა ტიპის ჩანაწერებზე. ”როგორც მინიმუმ, პირველ ეტაპზე უნდა მოხდეს სწორი ანალიზი და მკაცრად შეფასება იმისა, თუ რასთან გვქონდა საქმე, რადგან აღმოვაჩინეთ, რომ წლების განმავლობაში ხდებოდა ამ მასალების უკანონოდ მოპოვება და ჩაწერა-მიყურადება” - განაცხადა შს-თა მინისტრმა. მისი ინფორმაციით, ამ 26 ათასამდე ფაილში არ შედის სამეგრელოს რეგიონში აღმოჩენილი, ფარული ჩანაწერების შემცველი 404 დისკი, რაც ცალკე საქმეა და ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს. ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ სამინისტროს ხელთ არსებული ინფორმაციით, მოქალაქეთა პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების უმრავლესობა კოპირებულია და არსებობს დიდი ალბათობა, რომ ასლები წინა ხელისუფლების წარმომადგენლებსაც აქვთ, ამიტომ სპეციალური კომისიის ინიციატივაა, რომ ამ მიმართულებით გამკაცრდეს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა.