აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას განცხადებით, მას არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება სირიაზე თავდასხმის შესახებ, დამასკის მიერ საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენებაზე საპასუხოდ. მაგრამ ობამამ პარასკევს ვაშინგტონში აღნიშნა, რომ მსოფლიო არ შეიძლება შეურიგდეს ქალების და ბავშვების გაზით მოგუდვას. „მსოფლიოს აქვს ვალდებულება, უზრუნველყოს, რომ შევინარჩუნოთ ნორმა ქიმიური იარაღის გამოყენების წინააღმდეგ. მე ჯერ არ მიმიღია საბოლოო გადაწყვეტილება სხვადასხვა ზომაზე, რომელთა მიღებაც შესაძლებელია ამ ნორმის დაცვის უზრუნველსაყოფად“, განაცხადა ობამამ. მან დასძინა, რომ სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენება საფრთხეს უქმნის შეერთებული შტატების მოკავშირეებს, მათ შორის ისრაელსა და იორდანიას. ობამა ამ განცხადებით გამოვიდა მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ წარმოადგინა ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც ვაშინგტონი სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმს ადანაშაულებს 21 აგვისტოს ქიმიური იარაღის გამოყენებაში.