ლაფანყურში დაღუპული სპეცრაზმელის ოჯახი გამოძიებით უკმაყოფილოა

ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს დაღუპული სპეცრაზმელის, არჩილ ჩოხელის ოჯახი გამოძიების მიმდინარეობით უკმაყოფილოა და ხელისუფლებას კიდევ ერთხელ სთხოვს სიმართლის დადგენას. საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსის" ცნობით, არჩილ ჩოხელის დედა, იზა ბუჯიაშვილი ამბობს, რომ მისთვის დღემდე არაფერია ცნობილი, რა მოხდა ერთი წლის წინ, რატომ და ვინ მოკლა მისი შვილი. მისთვის ასევე უცნობია, თუ რა ეტაპზეა გამოძიება და არსებობს თუ არა რაიმე ახალი დეტალი გამოძიების მიმდინარეობისას.