გაეროს გამომძიებლებმა დღეს უნდა მოიპოვონ მეტი მტკიცებულება სირიის დედაქალაქის მისადგომებთან ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენებაზე. სამშაბათს გაეროს ქიმიური იარაღის ინსპექტორები არ გასულან შემთხვევის ადგილზე, სავარაუდო საფრთხის გამო. ორშაბათს გაეროს ჯგუფს ცეცხლი გაუსხნეს, როცა ის ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების ხუთიდან ერთ-ერთი ადგილის შესამოწმებლად მიემგზავრებოდა. დასავლეთი ბაშარ ალ-ასადის რეჟიმს ადანაშაულებს 21 აგვისტოს თავდასხმაში, რომლის შედეგად ასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. სულ უფრო ხშირია მოწოდებები დამასკის დასჯისკენ. ასადი უარყოფს ბრალდებას. აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ჩაკ ჰეიგელმა სამშაბათს „ბი-ბი-სის“ განუცხადა, რომ აშშ-ის ძალები მზად არიან სირიაში მოქმედების დასაწყებად, თუკი პრეზიდენტი ბარაკ ობამა შესაბამის ბრძანებას გასცემს. თეთრი სახლი აცხადებს, რომ ვაშინგტონს არ აქვს განზრახული სირიაში „რეჟიმის ცვლილება“.