ნავალნი და ოფიცეროვი სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს გაუსვლელობის ხელწერილით

კიროვის საოლქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნისა და მეწარმე პიოტრ ოფიცეროვისთვის განაჩენის ძალაში შესვლამდე მათთვის თავისუფლების აღკვეთის გამო. ორივე მათგანი სასამართლო დარბაზიდან გაუსვლელობის ხელწერილით გაათავისუფლეს მათთვის გამოტანილი განაჩენის ძალაში შესვლამდე. ხუთშაბათს საღამოს პროკურორებმა გაასაჩივრეს სასამართლოს მიერ ნავალნისა და ოფიცეროვისთვის შერჩეული თავისუფლების აღკვეთის ზომა. ბრალდების მხარემ უკანონოდ ჩათვალა მათი პატიმრობა განაჩენის ძალაში შესვლამდე პერიოდში. სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე პროკურორებმა კიროვის საოლქო სასამართლოს სთხოვეს ნავალნისა და ოფიცეროვის გაუსვლელობის ხელწერილით გათავისუფლება: „ნავალნისა და ოფიცეროვს ამ დრომდე არ დაურღვევიათ გაუსვლელობის ხელწერილი, გარდა ამისა ნავალნი მოსკოვის მერობის კანდიდატად არის რეგისტრირებული. ამიტომ მისი პატიმრობა ხელს უშლის ამომრჩეველთან თანაბარი წვდომის უფლებას“, - განაცხადა პროკურატურის წარმომადგენელმა. მას მხარი დაუჭირა დაცვის მხარემაც.