ექვსი ოპოზიციური პარტია გაუარესებულად მიიჩნევს საარჩევნო გარემოს

საქართველოში საარჩევნო გარემოს გაუარესებულად მიიჩნევს ექვსი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია. ახალი მემარჯვენეების, დემოკრატიული მოძრაობის, თავისუფალი საქართველოს, ლეიბორისტული პარტიის, ქართული დასის და ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ "იმ პირობებში, როდესაც ოპოზიცია ემზადებოდა მოლაპარაკების მეორე ეტაპისთვის, 15 ივლისს ყოველგვარი წინასწარი კონსულტაციის გარეშე პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფის ხელმძღვანელმა ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლება ოპოზიციასთან უკვე შეთანხმებულ ცვლილებებზეც კი უარს ამბობს.” ექვსი ოპოზიციური პარტია საარჩევნო გარემოს გაუარესების შემაშფოთებელ ნიშნებად მიიჩნევს ამომრჩეველთა სიიდან რეგისტრაციიდან მოხსნილი პირების ამოღებას, ადმინისტრაციული და პოლიციური რესურსის მობილიზაციას, საარჩევნო ადმინისტრაციის და მედიის მკაცრ კონტროლს და პოლარიზაციას. მათივე განცხადებით, დღევანდელი ხელისუფლება კატეგორიულად ამბობს უარს ე.წ. "რვიანის" წინადადებებზე, რომელთა შემუშავებაში თავად მონაწილეობდა წინა ხელისუფლების პერიოდში. ექვსი პარტია აღნიშნავს, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში არასაპარლამენტო ოპოზიციისა და მმართველი კოალიციის მოლაპარაკების პირველივე პრეცედენტი შეთანხმებული პირობების დარღვევით დასრულდა. "აქედან გამომდინარე, არანაირი წინაპირობები არ არსებობს 2013 წლის ოქტომბერში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად და ეჭვქვეშ დგება ამ არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობა”, - ნათქვამია არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების განცხადებაში. ისინი ვითარების გამოსწორების მიზნით ხელისუფლებას მოუწოდებენ, პარლამენტში მოახდინოს შეთანხმებული კანონპროექტების ინიციირება, დაუყოვნებლივ განაახლოს დიალოგი ოპოზიციურ პარტიებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან და საარჩევნო რეფორმის პროცესში გაითვალისწინოს "რვიანის" წინადადებები და ევროპული სტანდარტები. ”წინააღმდეგ შემთხვევაში, შეუძლებლად მივიჩნევთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას, რაც ქვეყანას ახალი პოლიტიკური კრიზისისკენ უბიძგებს", - ნათქვამია ექვსი პარტიის ერთობლივ განცხადებაში.