ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის, ვანო მერაბიშვილის, წინასწარ პატიმრობაში ყოფნის ვერცერთ მიზეზს, გარდა პოლიტიკურისა ვერ ხედავს ევროპარლამენტის წევრი ევროპის სახალხო პარტიიდან კშიშტოფ ლისეკი. მან კიდევ 4 დეპუტატთან ერთად მერაბიშვილი დღეს მოინახულა სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში. ლისეკმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გაოცებულია ვანო მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობით, რადგან დაკავებამდე ის საგამოძიებო უწყებაში რამდენჯერმე იმყოფებოდა, საზღვარგარეთ ხუთჯერ გაემგზავრა და ხუთჯერვე დაბრუნდა. ევროპარლამენტარმა, რომელმაც ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი დაახლოებით თვენახევრის წინაც მოინახულა, აღნიშნა, რომ მერაბიშვილი საკმაოდ გახდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ექიმებმა უნდა შეამოწმონ. ევროპარლამენტის დეპუტატი არნო დანჟანი კი იმედგაცრუებულია, რომ ვანო მერაბიშვილს ოჯახის წევრებთან შეხვედრის შესაძლებლობა არ აქვს. ”ჩვენთვის ეჭვგარეშეა, რომ გამოძიება უნდა დასრულდეს, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ ვარ დარწმუნებული, რომ მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა გამართლებული იყო" - განაცხადა დანჟანმა.