რუსი ოპოზიციონერი აქტივისტი ალექსეი ნავალნი მოსკოვის მერობის კანდიდატად დარეგისტრირდება. მოსკოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ვალენტინ გორბუნოვმა სამშაბათს უთხრა ჟურნალისტებს, რომ ნავალნის მიერ წარდგენილი დოკუმენტების მიმართ შენიშვნები არა აქვთ და ოთხშაბათს მოხდება მისი რეგისტრაცია მერობის კანდიდატად. გორბუნოვის განმარტებით, ნავალნის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე, რომელიც სახელმწიფო ქონების მითვისებაში ბრალდებას ეფუძნება, არ მოახდენს გავლენას მისი რეგისტრაციის საკითხის განხილვაზე, რადგან „ჯერ უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო და როდის შევა ძალაში განაჩენი“. ნავალნის ბრალად ედება სახელმწიფოს კუთვნილი კომპანიიდან 2009 წელს 510 000-მდე დოლარის გაფლანგვა. დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, მას არ ექნება საჯარო თანამდებობაზე მუშაობის უფლება.