დავით ზალკალიანი: წერტილი უნდა დაესვას ვანუატუს მიერ აფხაზეთის აღიარების თემაზე სპეკულაციებს

ვანუატუს მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების თემაზე სპეკულაციებს წერტილი უნდა დაესვას, - ამის შესახებ თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა. 14 ივლისს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ სააგენტო რია-ნოვოსტის უთხრა, რომ სოხუმში არ მიუღიათ არანაირი ოფიციალური შეტყობინება, რომ ვანუატუმ აფხაზეთის აღიარების გადაწყვეტილება გააუქმა. თავის მხრივ, დავით ზალკალიანმა დღეს განმარტა, რომ საქართველოსა და ვანუატუს მიერ დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების ოქმში, რომელიც 12 ივლისს ნიუ-იორკში გაფორმდა, არის ჩანაწერი ვანუატუს მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარების შესახებ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ცხინვალის რეგიონის და აფხაზეთის ჩათვლით. დავით ზალკალიანის განცხადებით, დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების ოქმში, როგორც წესი, მსგავსი მითითება არ ხდება, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ მანამდე ვანუატუმ აღიარა საქართველოს ოკუპირებული რეგიონები, ოქმში ეს პუნქტი ჩაიწერა.