საქართველოში იმყოფება ევროკომისარი გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფიულე, რომელიც დღეს ბათუმში შეხვდა პრემიერ-მინისტრს პარლამენტის თავმჯდომარეს, საგარეო საქმეთა მინისტრს და სახელმწიფო მინისტრს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში. ალექსი პეტრიაშვილმა და შტეფან ფიულემ ხელი მოაწერეს საფინანსო შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს 16 მილიონი ევროთი საქართველოს დახმარებას. ეს თანხა საქართველოში საზღვრის მართვისა და მიგრაციის საკითხებზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების განვითარებისთვის დაიხარჯება. ევროკომისარი ფიულე ბათუმში მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო კონფერენციაში ,,საქართველოს ევროპული გზა: ევროკავშირის აღმოსავლეთ ევროპელი პარტნიორები - ვილნიუსის სამიტისკენ,‘‘ რომელიც ოფიციალურად დღეს საღამოს გაიხსნება და 12 ივლისს დღის ბოლომდე იმუშავებს. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ბულგარეთის, ესტონეთისა და სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრებიც.