სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნების საქმეზე ბრალდებული მამუკა ივანიაძის განცხადებით, მას ყოფილი მინისტრის დავით კირვალიძის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აიძულებდნენ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე მამუკა ივანიაძემ აღნიშნა, რომ დაკავების შემდეგ მასზე ხორციელდებოდა სერიოზული ზეწოლა, საბოლოოდ კი ჩვენება პროკურორ გიორგი დავითაშვილის კარნახით დაწერა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის კახა კოჟორიძის შეფასებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომელთა საქმეში, რომელმაც თავიდანვე უამრავი შეკითხვა წარმოშვა, იკვეთება პროკურატურის, სასამართლოსა და სასჯელაღსრულების დაწესებულების არასწორი ქმედებები. კოჟორიძის განცხადებით, პროკურატურის ბრალდების არსი აბსურდულია, სასამართლოს განჩინებები კი დაუსაბუთებელი. განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის და სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით სოფლის მეურნეობის სამინისტროს რამდენიმე მაღალჩინოსანი მაისში დააკავეს, რასაც მინისტრ დავით კირვალიძის გადადგომა მოჰყვა. არცერთი ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს.