საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ ბედუკაძის გათავისუფლების არგუმენტებს არადამაჯერებლად მიიჩნევს და მთავარ პროკურორს მიმართავს გადაწყვეტილებას გადახედოს. დღეს გავრცელებულ განცხადებაში ბიძინა ივანიშვილი აღნიშნავს, რომ საქმის დეტალებს ბოლო დრომდე არ იცნობდა, რადგან პირადად არასდროს ჩარეულა და არც მომავალში აპირებს რაიმე ფორმით ჩაერიოს პროკურატურის საქმიანობაში. ამასთან, პრემიერი მიიჩნევს, რომ ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობისაგან პროკურატურისთვის ბოლო თვეებში მინიჭებული დამოუკიდებლობის უპრეცედენტო ხარისხი თეორიულად შესაძლოა, შეიცავდეს გარკვეული შეცდომების საფრთხეს. რაც შეეხება კონკრეტულად ბედუკაძის საქმეს, პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ გაეცნო ყველა არგუმენტს, რომელიც საფუძვლად დაედო მიღებულ გადაწყვეტილებას და პირადად მისთვის არგუმენტები არასაკმარისი და არადამაჯერებელია, რადგან არანაირი განსაკუთრებული გარემოება არ შეიძლება იყოს საფუძველი წამების ჩამდენი პირის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან სრულად გათავისუფლებისთვის. ბიძინა ივანიშვილი აღნიშნავს, რომ დაუკმაყოფილებლობის გრძნობას ტოვებს საქმის სხვა ფიგურანტების მიმართ გამოტანილი არაადეკვატურად ლმობიერი განაჩენიც. პრემიერის შეფასებით, მსგავსი გადაწყვეტილებები სამომავლოდ ხელს შეუშლის უმძიმესი დანაშაულის თავიდან აცილებისკენ მიმართულ ძალისხმევას. ”მინდა ვთხოვო საქართველოს მთავარ პროკურორს, რომელიც სასამართლოსგან განსხვავებით, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელია და შემიძლია პირადად მივმართო, კიდევ ერთხელ კრიტიკულად გადახედოს მიღებულ გადაწყვეტილებებს და თუ ჩემს მოსაზრებებს გაიზიარებს, იქნებ გამოინახოს სამართლებრივი საშუალებები მათი გადასინჯვისთვის", - ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ განცხადებაში. პრემიერ-მინისტრის მიმართვაზე პასუხის გაცემას მთავარი პროკურორი ხვალ დაგეგმილ პრესკონფერენციაზე აპირებს. პატიმართა წამების ამსახველი ვიდეომასალების ერთ-ერთ ავტორად და საჯაროდ გამავრცელებლად მიჩნეული ვლადიმერ ბედუკაძე მთავარი პროკურორის შუამდგომლობით სასამართლომ სისხლის სამართლის პასუხიმგებლობისგან ივნისის შუა რიცხვებში გაათავისუფლა. მიზეზად პროკურატურამ ის დაასახელა, რომ ბედუკაძის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის მიუხედავად, მან გახსნა და ამხილა განსაკუთრებით მძიმე სისტემური დანაშაული.