ნაციონალური მოძრაობა საპროტესტო აქციებს გამართავს პარტიის გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნით. "1 ოქტომბრის შემდეგ პროკურატურა გადაიქცა ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური ტერორის მთავარ იარაღად”, - განაცხადა თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმცირესობის წევრმა სერგო რატიანმა. მისივე შეფასებით, მერაბიშვილის დაპატიმრებას, გამოძიებასა და სასამართლოს შორის ”არანაირი სამართლებრივი ბმა” არ არსებობს, ამიტომ მისი გათავისუფლების მოთხოვნით 28 მაისს, 14 საათზე საქართველოს ყველა საოლქო პროკურატურასთან გაიმართება საპროტესტო აქცია. ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი დღეს სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში მოინახულა მისმა ადვოკატმა. გიორგი ჩივიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვანო მერაბიშვილი სამარტოო საკანში იმყოფება, თავს ნორმალურად გრძნობს და ადმინისტრაციასთან პრეტენზიები არ გააჩნია.