საქართველოში დააკავეს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი და კახეთის გუბერნატორი, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი. დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში მათი დღევანდელი დაკითხვის დასრულების შემდეგ პროკურორმა შოთა ტყეშელაშვილმა განაცხადა, რომ ”ბოლო თვეებში საქართველოს პროკურატურა აწარმოებდა კომპლექსურ ღონისძიებებს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ივანე მერაბიშვილის მიერ უმაღლეს სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობებზე მუშაობის პერიოდში ადამიანის და სახელმწიფოს წინააღმდეგ განხორციელებული, არაერთი დანაშაულებრივი ქმედების ყოველმხრივი და ობიექტური გამოძიების მიზნით.” პროკურორმა ამ ეტაპზე გახსნილად გამოაცხადა მერაბიშვილის ”კორუფციული საქმიანობის ორი მნიშვნელოვანი ეპიზოდი.” ტყეშელაშვილის განმარტებით, პირველი ეპიზოდი უკავშირდება ვანო მერაბიშვილის პრემიერ-მინისტრობის პერიოდს, როდესაც მან ”2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ნაციონალური მოძრაობის სასრგებლოდ ამომრჩევლის მოსყიდვის და სახელმწიფო სახსრებით პარტიის შენიღბული და ფარული დაფინანსების მიზნით, შრომის, ჯანრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრ ზურაბ ჭიაბერაშვილსა და სხვა პირებთან ერთად დაგეგმა და განახორციელა თვალთმაქცური მოქმედებები.” პროკურორისავე განცხადებით, უმუშევართა აღრიცხვის და დასაქმების სახელმწიფო პროგრამისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი 5,2 მილიონი ლარი უკანონოდ ჩაერიცხა 22 ათას პირს, რომლებიც მოჩვენებითად გააფორმეს შტატგარეშე თანამშრომლებად. ”სინამდვილეში მათ არანაირი სამუშაო არ შეუსრულებიათ და ფული მიიღეს მხოლოდ ნაციონალური მოძრაობისთვის ხმის მიცემის და საარჩევნო აგიტაციის წარმოების სანაცვლოდ”, - განაცხადა ტყეშელაშვილმა. რაც შეეხება მეორე ეპიზოდს, პროკურორის განმარტებით, შინაგან საქმეთა მინისტრად მუშაობისას ივანე მერაბიშვილს დასასვენებლად მოეწონა ზღვისპირა სოფელ კვარიათში, საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიის კუთვნილი ფეშენებელური აგარაკი და 2009 წლის მაისში, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დააკავა მისი მესაკუთრე და თითქმის ოთხი წლის განმავლობაში ამ ქონებით ოჯახთან ერთად უსასყიდლოდ სარგებლობდა. პროკურორის თქმით, აგარაკი მერაბიშვილმა შსს-ს სახსრებით გაარემონტა, დანაშაულის კვალის დასაფარად გამოიყენა სამინისტროს საიდუმლო ხარჯი და მისივე განკარგულებით, სამინისტროს ბიუჯეტიდან იფარებოდა აგარაკის დამხმარე პერსონალის სახელფასო ანაზღაურება. საქმის მეორე ეპიზოდის თანახმად, სახელმწიფოსთვის მიყენებული ზარალი 158 ათასი ლარია. მერაბიშვილს ბრალი აქვს წაყენებული სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით, რაც 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. პროკურატურა სასამართლოს მიმართავს, რათა აღკვეთის ზომად მერაბიშვილს პატიმრობა შეეფარდოს.