მოსკოვში, ”ბოლოტნაიას” მოედანზე დღეს ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს მიერ ორგანიზებული აქცია გაიმართება. აქციის მონაწილეები ზუსტად ერთი წლის წინ მომხდარს გააპროტესტებენ. 2012 წლის 6 მაისს აქტივისტები აპროტესტებდნენ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმირ პუტინის მესამე ვადით გამარჯვებას. მოხდა დაპირისპირება პოლიციას და აქციის მონაწილეებს შორის. განვლილი წლის განმავლობაში 28 ადამიანს წარუდგინეს „ბოლოტნის საქმესთან“ დაკავშირებული ბრალდებები, ბრალდებულთა დაახლოებით ნახევარი პატიმრობაშია. დღეს დაგეგმილი აქციის მონაწილეთა რაოდენობა წინასწარ 30 ათასი ადამიანით განისაზღვრა. მოსკოვში ახალ არბატზე დღეს ნახევარი საათის განმავლობაში ეკიდა ბანერი ”ბოლოტნაიას საქმეზე” დაპატიმრებულთა გათავისუფლების მოთხოვნით. მოსკოვის მერიამ დღევანდელი აქციის ორგანიზატორებს მხოლოდ შეკრების უფლება დართო.