ვილნიუსში, ნოემბრის ბოლოს დაგეგმილ სამიტზე საქართველო შეძლებს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების პარაფირებას, რაც უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ევროპის კავშირთან პოლიტიკურ-ეკონომიკური თანამშრომლობის გზაზე - ამის შესახებ თბილისში, ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილმა. მისივე თქმით, ასოცირების შეთანხმების პარაფირების შემდეგ, ევროკავშირთან საქართველოს ინტეგრაციის პროცესი შეუქცევადი გახდება. რაც შეეხება ნატოსთან ურთიერთობას, ალექსი პეტრიაშვილმა აღნიშნა, რომ წელს საქართველოში ჩამოვა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს უმაღლესი დონის დელეგაცია, რომლის ვიზიტის აუცილებლობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შარშან ნოემბერში ისაუბრა ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში შეხვედრებისას. სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, ნატოსგან მოწონებული და მხარდაჭერილია ალიანსთან საქართველოს თანამშრომლობის წლიური ეროვნული პროგრამა.