ბრიუსელში ოთხშაბათს გამართული 12 საათიანი მოლაპარაკებები სერბიისა და კოსოვოს პრემიერ-მინისტრებს შორის მნიშვნელოვანი შედეგის გარეშე დასრულდა. შეხვედრას უძღვებოდა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური ლიდერი კეტრინ ეშტონი. დღის წესრიგის მთავარი საკითხი იყო კოსოვოს ჩრდილოეთში ეთნიკური სერბების მიერ მეტი ავტონომიის მოთხოვნა. მოლაპარაკებების შემდეგ ეშტონმა განაცხადა: ”ჩემი პირადი აზრია, რომ ჩვენ ძალიან ახლოს ვართ ჩრდილოეთ კოსოვოსთან დაკავშირებული ზოგიერთი ურთულესი საკითხის გადაჭრასთან. ყოველთვის ვამბობდი, რომ ამ დიალოგის მიზანი ურთიერთობების ნორმალიზაციაა. ევროკავშირი მოწადინებულია ხელი შეუწყოს პრემიერ-მინისტრებს, ბელგრადსა და პრიშტინას წინ წაიწიონ ამ მიმართულებით”. ეშტონმა განაცხადა აგრეთვე, რომ მხარეების მორიგი შეხვედრა 2 აპრილს გაიმართება. სერბიის პრემიერ-მინისტრმა ივიცა დაჩიჩმა ფრთხილი ოპტიმიზმი გამოხატა: ”ვერ ვიტყვი, რომ შეთანხმებასთან ახლოს ან შორს ვართ, რადგან ვითარების შეფასება და მოსაზრებები მუდმივად იცვლება და შეიძლება შეიცვალოს ნებისმიერ მომენტში. გარკვეულ საკითხებში კვლავაც განსხვავებებია. უპირველესად ეს ეხება სერბების მუნიციპალიტეტების (ჩრდილოეთ კოსოვოში) კომპეტენციებს. თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ ბოლო შვიდი შეხვედრის განმავლობაში შევძელით შევხებოდით ზოგიერთ რთულ საკითხს და მიგვეღწია გარკვეული შეთანხმებებისთვის, მოგვეგვარებინა ზოგიერთი საკითხი, რომელთან შეხებასაც კი დღემდე ვერავინ ბედავდა”. კოსოვოს პრემიერ-მინისტრ ჰაშიმ ტაჩის განცხადებაშიც დადებითი ტონი შეინიშნებოდა: ”შემიძლია დავადასტურო, რომ პროგრესს მივაღწიეთ ზოგიერთი საკითხის მოგვარებაში. მეც ვერ დავადასტურებ იმას, რომ ახლოს ან შორს ვართ პრობლემის მოგვარებისგან, თუმცა, მინიმუმ სწორი მიმართულებით მივდივართ”. ორი ლიდერი დღეს ნიუ იორკში ჩავა და გაეროს უშიშროების საბჭოს მიაწვდის ინფორმაციას ბალკანეთის რეგიონში არსებულ ვითარებაზე. მიმდინარე მოლაპარაკებებში პროგრესი სერბიისთვის შესაძლოა აღმოჩნდეს კარგი არგუმენტი ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებისთვის. ევროკომისია აპრილში წარმოადგენს ანგარიშს ბელგრადსა და პრიშტინას შორის ურთიერთობებში პროგრესის შესახებ.