მომლოცველები და მეცნიერები პაპის არჩევნების მოლოდინში

ოთხშაბათს ვატიკანის სიქსტეს კაპელის საკვამურიდან კვლავ შავი კვამლი ამოვიდა, რაც ნიშნავს, რომ კარდინალების კოლეგიამ მეორე ცდაზეც ვერ შეძლო რომის კათოლიკური ეკლესიის მამამთავრის არჩევა. თუმცა ეს არ არის 13 მარტის საბოლოო შედეგი, რადგან ერთ დღეში ოთხი კენჭისყრის ჩატარებაა დაშვებული. ამასობაში კი რომის პაპის არჩევნებს ვატიკანის წინ შეკრებილი ათასობით მორწმუნე ადევნებს თვალს.

ვატიკანის წინ ამ დღეებში შეკრებილია უამრავი მომლოცველი, რომლებიც მოთმინებით ელოდებიან სიქსტეს კაპელის საკვამურიდან თეთრი კვამლის ამოსვლას. ორი ცდა უშედეგოდ დასრულდა, თუმცა პილიგრიმები ამბობენ, რომ ასე მალე არც ელოდებოდნენ პაპის არჩევას.

მომლოცველებს შორის არის აშშ-ის ეკტონის ინსტიტუტის პრეზიდენტი, რელიგიათმცოდნე რობერტ სირიკო, რომელმაც „როიტერთან“ საუბარში მნიშვნელოვანი უწოდა პირველ კენჭისყრას:

„წუხანდელი ამბავი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან მან გარკვეულწილად აჩვენა კარდინალებს, ვის აქვს რეალური პოტენციალი გახდეს რომის პაპი. წუხანდლამდე ნამდვილად არავინ იცოდა, ვინ იყო ყველაზე რეალური პრეტენდენტი“.

ვატიკანში საიდუმლო კენჭისყრა სამშაბათ საღამოს დაიწყო და მასში მონაწილეობას 48 ქვეყნის 115 კარდინალი ღებულობდა. სწორედ ამ შემადგენლობით უნდა აირჩიოს კარდინალთა კოლეგიამ კათოლიკური ეკლესიის რიგით 266-ე პაპი. კენჭისყრის პროცედურა განმეორდება მანამდე, სანამ კარდინალების ორი მესამედი ერთ კანდიდატს არ დაუჭერს მხარს. პაპის ასარჩევად საჭირო 77 ხმის მოპოვების ყველაზე დიდი შანსი აქვს ორ კარდინალს - იტალიელ ანჯელო სკოლასა და ბრაზილიელ ოდილუ შერერს.

თუმცა არჩევნებში გამარჯვებული კარდინალის ვინაობას გარკვეული დაჯგუფების ინტერესებს უკავშირებს ეკტონის ინსტიტუტის პრეზიდენტი, რელიგიათმცოდნე რობერტ სირიკო:

„მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ არჩევნებში მონაწილე კარდინალთა ჯგუფები არ არიან დამოკიდებულნი სახელმწიფოებრივ ინტერესზე. მათ შორის არიან ისინი, ვინც ეცდება კენჭისყრა დაუკავშიროს რეგიონებს, ვთქვათ, სამხრეთელები ან აფრიკელები, მაგრამ კენჭისყრა დიდწილად ეფუძნება რიგ კონკრეტულ პრიორიტეტებსა და იმ საკითხებს, რომლებზეც კარდინალებს შორის თანხმობა არ არსებობს. მაგალითად, რა უფრო პრიორიტეტულია - რომის კურიის რეფორმა თუ სექსუალურ სკანდალთან დაკავშირებული კრიზისის მოგვარება? აი, ამ საკითხებზეა საუბარი და დაჯგუფებებიც ამ საკითხების გარშემო წარმოიქმნება“.

დღეს კარდინალები კლავ შეეცდებიან ახალი პაპის არჩევას. თუკი სამი დღის განმავლობაში ვერ მოხერხდება პაპის არჩევა, შესაძლებელია პროცესი ერთი დღით შეჩერდეს ლოცვისა და არაოფიციალური მოლაპარაკებისთვის. ვატიკანში კენჭისყრა მსჯელობის გარეშე, დუმილის ფონზე მიმდინარეობს.