საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის ინფორმაციით, ფულადი პრემიით დაჯილდოების შესახებ თავდაცვის მინისტრისა და გაერთიანებული შტაბის მეთაურის მიერ 2009 წლის სექტემბრიდან 2012 წლის ოქტომბრის თვის ჩათვლით, ფულადი პრემიის სახით გაცემულია 41.164.059 ლარი. პარლამენტარის თქმით, ამ პერიოდში გენერალური შტაბის უფროსმა დევი ჭანკოტაძემ პრემიის სახით მიიღო 267, 130 ლარი, ხოლო მისმა მოადგილემ გიორგი კალანდაძემ – 203, 664 ლარი. "რამდენიმე დღის წინ თავდაცვის უწყებასთან ერთად 7 სამხედრო გარნიზონი შემოვიარე. რეალობა, რაც იქ დაგვხვდა, იმ მითებს ცდება, რასაც წლების მანძილზე გვიყვებოდა ყოფილი ხელისუფლება. ამ გარნიზონებში ჯარისკაცები ცხოვრობენ გაუსაძლის პირობებში. ნაწილი შენობების ახლადგარემონტებულია, რომელზეც სერიოზული თანხაა დახარჯული, მაგრამ უკვე ნასახლარს ჰგავს. სამაგიეროდ, უწყების ხელმძღვანელები ცხოვრობდნენ მდიდრულად და სოლიდურ პრემიებსაც არ იშურებდნენ საკუთარი თავისთვის", - განაცხადა სესიაშვილმა. მისივე ინფორმაციით, 2009-2012 წლებში ჯილდოს სახით გაცემულია დაახლოებით 756.307 ლარის ღირებულების, 161 ერთეული სამოქალაქო და სამსახურეობრივ-საშტატო იარაღი მათ შორის პარლამენტის წვერებზე, მსახიობებზე და მომღერლებზე. თუმცა, დეპუტატს არ დაუზუსტებია დაირღვა თუ არა კანონი პრემიების გაცემით.