დაღესტანში დაუდგენელმა პირებმა მოკლეს ისლამური სასწავლებლის პედაგოგი, მაგომედ ბიარსლანოვი. დაღესტნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბიარსლანოვი წუხელ იპოვეს ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული მისსავე სახლში, სოფელ გუბდენში. დაწყებულია გამოძიება. დაღესტანში ბოლოხანს ყველა დანარჩენ ჩრდილოეთკავკასიურ რესპუბლიკაზე უფრო ხშირია ძალადობა. ისლამისტი მეამბოხეების თავდასხმებს ეწირებიან ისლამის ზომიერი ფორმის მიმდევარი სასულიერო პირები, პოლიციელები და ოფიციალური პირები.