საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელს, გივი თარგამაძეს მოსკოვის სასამართლომ 21 თებერვალს აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. საქართველოს პარლამენტის დეპუტატს რუსეთის მართლმსაჯულება მასობრივი არაეულობის ორგანიზებაში ადანაშაულებს. რუსეთის მედიის ცნობით, თარგამაძის სახაზინო ადვოკატი გალინა სტეფანენკო აცხადებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრდება, რადგანაც საქმის მასალებში მთელი რიგი პროცესუალური დარღვევებია აღმოჩენილი. ადვოკატის განცხადებით, ის პირადად არ იცნობს გივი თარგამაძეს და მასთან კონტაქტი ჯერ არ ჰქონია. 21 თებერვალს მოსკოვში, სასამართლოს სხდომაზე მოსამართლე ნატალია მუშნიკოვამ აღნიშნა, რომ თარგამაძე აქტიურად უწევს კონსულტაციებს ოპოზიციურ მოძრაობებს სხვადასხვა ქვეყანაში და თუკი არ დააკავეს, ის გააგრძელებს დანაშაულებრივ საქმიანობას და შეძლებს ბოლომდე მიიყვანოს რუსეთში მასობრივი არეულობის მოწყობის ჩანაფიქრიც. საინფორმაციო სააგენტო ”რია ნოვოსტის” ცნობით, სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ბრალდებულმა შეიძლება გამოიყენოს თავისი კონტაქტები - სხვადასხვა სტრუქტურასთან თუ კრიმუნალურ სამყაროსთან - გამოძიებაზე ზემოქმედების მოხდენის მიზნით. ”ძალიან ვამაყობ, რომ ასეთი კოლეგა და მეგობარი მყავს, რომელსაც პირადად ებრძვის პუტინის რეჟიმი”, - განაცხადა საპარლამეტო უმცირესობის წარმომადგენელმა დეპუტატმა გიორგი ბარამიძემ და დასძინა, რომ პუტინის რეჟიმი განსაკუთრებით ერჩის პრეზიდენტ სააკაშვილსა და მისი გუნდის წარმომადგენლებს. უმრავლესობის წარმომადგენელმა დეპუტატმა ირაკლი ჩიქოვანმა 21 თებერვალს კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ხელისუფლების მიერ მანამდე გამოთქმული პოზიცია, რომ საქართველოს მოქალაქე გივი თარგამაძე რუსეთის მხარეს არ გადაეცემა. ”გადაცემაზე საუბარი უბრალოდ არასერიოზულია. ჩვენ კარგად გვესმის, თუ რა ურთიერთობები გვაქვს რუსეთის ფედერაციასთან... ელემენტარულად არა გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა... ასე რომ ამაზე საუბარი აბსურდია”, - აცხადებს ირაკლი ჩიქოვანი.