უფლებადამცველები: ციხეებში წამების ფაქტები კვლავ სათანადო რეაგირების გარეშე რჩება

სასჯელაღსრულების სისტემაში ბოლო წლებში დამკვიდრებული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები კვლავ სათანადო რეაგირების გარეშე რჩება - ამის შესახებ ნათქვამია ათზე მეტი უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივ განცხადებაში. მისი ხელმომწერები აღნიშნავენ, რომ საპატიმროებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ამსახველი ვიდეომასალის საჯაროდ გავრცელების შემდეგ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა კვლავ განაცხადეს, რომ პრობლემა სისტემურია და მოითხოვეს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ეფექტური გამოძიება, შესაბამისი მანდატის მინიჭება მაღალი ნდობით აღჭურვილი საზოგადოებრივი პროკურორისთვისაც და მასთან პროფესიონალებით დაკომპლექტებული საბჭოს შექმნა. ”მიუხედავად მსგავსი გამოძიებისადმი უდიდესი საზოგადოებრივი ინტერესისა, ამ მიმართულებით გადადგმული ქმედითი ნაბიჯები არ შეიმჩნევა, რადგან საპატიმროებში არ ფიქსირდება გამომძიებლების მიერ მსჯავრდებულთა აქტიურად გამოკითხვა ინფორმაციის შესაგროვებლად და საზოგადოება დღემდე არ არის სათანადოდ ინფორმირებული გამოძიების მიმდინარეობის შესახებ", - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციათა განცხადებაში. ისინი ხელისუფლებისგან კვლავ მოითხოვენ, უმოკლეს ვადაში მიანიჭოს სპეციალურ ჯგუფს გამოძიების მანდატი, უზრუნველყოს საბჭოს შექმნა და საზოგადოების ინფორმირება წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გამოძიების მიმდინარეობის შესახებ და გადადგას ქმედითი ნაბიჯები წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლთა რეაბილიტაციისთვის.