სააკაშვილი მთავრობას „დელტას“ შენარჩუნებისაკენ მოუწოდებს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობასა და ზოგადად, მთავრობას მოუწოდებს, სამხედრო ტექნიკის წარმოებასა და ამ თვალსაზრისით შექმნილ საწარმო “დელტაზე” უარი არ თქვან. როგორც პრეზიდენტმა დღეს გორში თავდაცვის აკადემიაში ჯარისკაცებთან შეხვედრისას განაცხადა, მისი ინფორმაციით, ძალოვანი უწყების ხელმძღვანელებს შორის მიმდინარეობს დისკუსია იმასთან დაკავშირებით, უნდა დარჩეს თუ არა “დელტა” თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში. „არ შეიძლება ამაზე ხელის მოწერა. უნდა გამოვიდეთ საარჩევნო დაპირებებიდან. მე მესმოდა საარჩევნო კამპანიის დროს, რომ საქართველოს სამხედრო ტექნიკა არის ბლეფი. ეს არ არის ბლეფი. “ლაზიკები”, “დიდგორები” მართლა დადიან, მართლა ისვრიან და მართლა მაგარი ტექნიკაა. უფრო მეტიც, შეკვეთების ინტერესები გვაქვს სამხრეთ კორეიდან და აზერბაიჯანიდან. ეს, რაც მე ვიცი ზუსტად. ეს ტექნიკა ფულსაც მოიტანს”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.