მოსკოვში თავს დაესხნენ ჰომოსექსუალთა უფლებების დამცველთა აქციას

რუსეთის პარლამენტთან მოხდა შეტაკება რუსეთში „ჰომოსექსუალური პროპაგანდის“ ამკრძალავი კანონპროექტის მომხრეებსა და ჰომოსექსუალთა უფლებების დამცველებს შორის. მანამდე კანონპროექტის გასაპროტესტებლად შეიკრიბა 10-მდე აქტივისტი, მათ შორის იგორ იასინი: „ჩვენ მოვედით, რათა გამოვხატოთ პროტესტი ჰომოფობიური კანონის განხილვის წინააღმდეგ. ეს კანონი სინამდვილეში არის ანტიდემოკრატიული და ვნებს მთელს საზოგადოებას და არა მარტო გეებსა და ლესბოსელებს“, ამბობს იასინი. მას და დემონსტრაციის სხვა მონაწილეებს თავს დაესხა ახალგაზრდების ჯგუფი - აქტივისტებს შეურაცხყოფა მიაყენეს და პლაკატები დაუხიეს. რუსეთის სახელმწიფო სათათბირო აპირებს, განიხილოს კანონპროექტი, რომელიც რუსეთში ჰომოსექსუალთა შესახებ ინფორმაციის მცირეწლოვანებისათვის მიწოდების შემთხვევაში ითვალისწინებს ჯარიმას 16 ათას დოლარამდე. რუსეთის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის სანქტ-პეტერბურგში, უკვე მიღებულია ასეთი კანონი.