საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ბაქოში იმყოფება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ბაქოში იმყოფება. პირველი შეხვედრა ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან გამართა. აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ილჰამ ალიევმა და ბიძინა ივანიშვილმა რეგიონული მნიშვნელობის საკითხებსა და ორი ქვეყნის ურთიერთობის გაფართოებისა და განმტკიცების პერსპექტივაზე იმსჯელეს. დღესვე საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანელ კოლეგას ხვდება. ბიძინა ივანიშვილისა და არტურ რასიზადეს შეხვედრისას განიხილება ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის, საერთაშორისო პროექტებში ერთობლივად მონაწილეობის და ყველა სხვა მნიშვნელოვანი საკითხი - ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა ალი ჰასანოვმა, რომელიც აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პოლიტიკურ საკითხთა განყოფილებას ხელმძღვანელობს. ჰასანოვმა აღნიშნა, რომ მომავალშიც გაგრძელდება აზერბაიჯანისა და საქართველოს მიერ არჩეული სტრატეგიული პარტნიორობის კურსი, რომელიც ორივე ქვეყნის ინტერესებს შეესაბამება. პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან ერთად ბაქოში იმყოფებიან საქართველოს საგარეო საქმეთა, ეკონომიკის და ენერგეტიკის მინისტრები მაია ფანჯიკიძე, გიორგი კვირიკაშვილი და კახა კალაძე და სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში კოტე სურგულაძე. სამთავრობო დელეგაციისგან დამოუკიდებლად ბაქოში იმყოფებიან თბილისის მერი გიგი უგულავა და რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი, რომელთა ვიზიტის მიზნების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.