რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის პირველი ნაბიჯი საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადადგას - განაცხადა რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა რუს ჟურნალისტებთან შეხვედრისას. მისი თქმით, რუსული მხარე დიალოგისათვის მზადაა, თუმცა ელიან რეალურ ნაბიჯებს საქართველოს მთავრობის მხრიდან, კერძოდ კი იმას, რომ ”არ გამოიყენებენ ძალას რუსეთის მიერ აღიარებული ორი დამოუკიდებელი სახელმწიფოს - აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ". ნიკოლაი პატრუშევმა საქართველოში არსებული პოლიტიკური ვიტარებაც განიხილა და თქვა, რომ ნათლად ხედავს წინააღმდეგობებს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილსა და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შორის. ”ერთი მათგანი ამბობს, რომ დაინტერესებულია რუსეთთან ურთიერთობის აღდგენაში, მეორე ასეთ განცხადებებს არ აკეთებს. სხვა საკითხებთან დაკავშირებით, მაგალითად, როგორიცაა საქართველოს ნატო-ში და ევროკავშირში გაწევრიანება, ორივეს პოზიციები ერთმანეთს ემთხვევა"- განაცხადა პატრუშევმა.