ფილიპ გორდონი შეხვედრებს აგრძელებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ფილიპ გორდონი, თბილისში შეხვედრებს განაგრძობს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაია ფანჯიკიძის თქმით, გორდონთან შეხვედრაზე საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა რუსეთთან ურთიერთობა იყო. შეხვედრას ესწრებოდა პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე. „ჩვენ ბატონ გორდონს ავუხსენით, თუ რას ნიშნავს სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა, როგორი იყო მის დანიშვნაზე რეაქციები მოსკოვიდან“, – განუცხადა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს მაია ფანჯიკიძემ. რუსეთთან ურთიერთობებში ამ „მეორე არხის“ გახსნა, ფანჯიკიძის განცხადებით, არ ნიშნავს, რომ საფრთხე ექმნება ჟენევის ფორმატს. საქართველოში თავისი სამდღიანი ვიზტის ფარგლებში ფილიპ გორდონი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს, თავდაცვის მინისტრს ირაკლი ალასანიას, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს გიგა ბოკერიას და საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებს შეხვდა. დღეს მოგვიანებით გორდონი პრეზიდენტ სააკაშვილს შეხვდება.