სირიის საკითხში გაეროსა და არაბთა ლიგის საგანგებო წარმომადგენლის, ლახდარ ბრაჰიმის შეფასებით, სირიაში ისედაც მძიმე ვითარება სულ უფრო უარესდება. ეს შეფასება ბრაჰიმიმ გამოთქვა მოსკოვში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე. „სირიის კრიზისი ძალიან, ძალიან სახიფათოა. ვითარება მძიმეა და სულ უფრო უარესდება. მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა უნდა შეიკრიბოს და სირიელ ხალხს დაეხმაროს კრიზისის მოსაგვარებელი გზის მოსაძებნად“, ამბობს ბრაჰიმი. ის აპირებს სამშვიდობო ძალისხმევის გაგრძელებას მიუხედავად იმისა, რომ სირიაში დაპირისპირებული მხარეები არ იცავენ მის მიერ შეთავაზებულ ზავს. მუსლიმური დღესასწაულისადმი მიძღვნილი ოთხდღიანი ზავი პარასკევს უნდა ამოქმედებულიყო, მაგრამ სირიის მმართველი რეჟიმის ჯარებსა და მეამბოხეებს ბრძოლა არ შეუწყვეტიათ. სირიიდან დღეს გავრცელებული ცნობით, სახელმწიფო ტელევიზია იუწყება, რომ 10 ადამიანი დაიღუპა დამასკში დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად.