გლდანის საპყრობილესთან საპროტესტო აქცია გამართეს სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულების ბრალდებით, 2011 წლის 26 მაისს დაკავებული 24 პირის ოჯახის წევრებმა. მათი მტკიცებით, დაკავებულები არანაირ შეთქმულებას და სამხედრო გადატრიალებას არ ამზადებდნენ და უმეტესობა ერთმანეთს არც კი იცნობდა. 2011 წლის 26 მაისს, თბილისში საპროტესტო აქციის ძალით დაშლის შემდეგ შსს-მ განაცხადა, რომ ყინწვისში დააკავებულ 24-წევრიან შეიარაღებულ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა შს-თა ყოფილი მინისტრი, ამჟამად რუსეთში მყოფი თემურ ხაჩიშვილი, ჯგუფის მიზანი კი იყო საქართველოს ტერიტორიაზე შეიარაღებული პროვოკაციების მოწყობა. დაკავებულთა ოჯახის წევრები დღევანდელ საპროტესტო აქციაზე აღნიშნავდნენ, რომ ოცდაოთხივე პირი უკანონო პატიმარია და ისინი პრეზიდენტმა უნდა გაათავისუფლოს. აქციის მონაწილეებმა ასევე მოითხოვეს, რომ პასუხისგებაში მიეცნენ პირები, რომლებმაც მათი ოჯახის წევრები უკანონოდ დააპატიმრეს, მათგან აღიარებითი ჩვენება წამებით მიიღეს და საქმე გააყალბეს. ე.წ. ყინწვისის შეთქმულების გამო დაკავებულთა ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ თუ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოცდაოთხივე პატიმარს 10 დღეში არ გაათავისუფლებს, პერმანენტულ საპროტესტო აქციებს დაიწყებენ.