პაკისტანში ოპოზიციის ლიდერმა, იმრან ხანმა მკაცრად გააკრიტიკა მთავრობის პოლიტიკა ისლამისტ ექსტრემისტებთან ბრძოლაში ვაშინგტონთან თანამშრომლობისათვის. ქალაქ ტანკში 10 000-მდე დემონსტრანტის წინაშე გამოსვლისას, მან დაგმო პაკისტანის ტერიტორიაზე შეერთებული შტატების უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმები, რომლებიც ექსტრემისტების წინააღმდეგ არის მიმართული. ხანის აზრით, ასეთი თავდასხმების გამო ამერიკა სულ უფრო მეტ პაკისტანელს სძულს. დემონსტრაცია გაიმართა მას შემდეგ, რაც პაკისტანის არმიამ შეაჩერა დემონსტრანტები, რომლებიც იმრან ხანის ინიციატივით მიემართებოდნენ სამხრეთ ვაზირისტანისაკენ, პაკისტანის ამ რეგიონში აშშ-ის უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმების გასაპროტესტებლად. როგორც იუწყებიან, დემონსტრანტები უკან, ტანკის რაიონში დაბრუნდნენ, სადაც მათ სიტყვით მიმართა იმრან ხანმა - წარსულში კრიკეტის ვარსკვლავმა. ის პაკისტანელებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. კვირასვე, უფრო ადრე, მან ჩვენს რადიოსთან ინტერვიუში განაცხადა, რომ აქციას უკვე მოჰყვა წარმატება, რადგან მთელმა მსოფლიომ გაიგო დემონსტრანტების ხმა.