ჯანჯღავას ვარაუდით, ხელისუფლება საარჩევნო პერიოდში აპირებდა ჯარის გამოყენებას

კვირას პატიმრობიდან გაათავისუფლეს საქართველოს შეიარაღებული ძალების პოლკოვნიკი, ნიკოლოზ ჯანჯღავა, რომელიც 20 აგვისტოს იქნა დაკავებული, ცნობების თანახმად, პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით. მას ორთვიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, მაგრამ სასამართლოს გადაწყვეტილებით, სასჯელი შეუმსუბუქდა და იზოლატორი 12 დღით ადრე დატოვა. ის ტელეფონით ესაუბრა რადიო თავისუფლებას: „სიმართლე რომ გითხრათ, არ ვიცი, რამ გამოიწვია ჩემი დაპატიმრება. მე არ მინდა რაღაც თეორიებზე ვილაპარაკო, მაგრამ მგონია, რომ მაინც იყო საუბარი, რომ მეტ-ნაკლებად, გარკვეული ავტორიტეტი და პრესტიჟი მაქვს შეიარაღებულ ძალებში. და ისინი აპირებდნენ გარკვეულწილად ჯარების გამოყენებას ამ წინასაარჩევნო და არჩევნების პერიოდში“, - უთხრა პატიმრობიდან გათავისუფლებულმა ნიკა ჯანჯღავამ რადიო თავისუფლებას.