მწვავე საერთაშორისო კრიტიკა პატიმრების წამების გამო

გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრებისადმი არაადამიანური მოპყრობის თაობაზე საერთაშორისო გამოხმაურება უკიდურესად მწვავეა. საერთაშორისო პოლიტიკური და უფლებადამცველი ორგანიზაციები ერთმანეთის მიყოლებით ავრცელებენ განცხადებებს. Нuman Rights Watch, Amnesty International, ევროკავშირი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მოითხოვენ საქმის ბოლომდე გამოძიებასა და დამნაშავეების დასჯას. ამის პარალელურად, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ ევროპულ სტრუქტურებს პერსონა ნონ გრატად გამოაცხადონ და მათ ქვეყნებში შესვლის საშუალება არ მისცენ ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს და დანაშაულში ეჭვმიტანილ სხვა პირებს.

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა ერთობლივ მიმართვაში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონს, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს კეთრინ ეშტონს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს ფილიპ დიმიტროვსა და შეერთებული შტატების ელჩს რიჩარდ ნორლანდს მოუწოდეს აუკრძალონ მათ ქვეყნებში შესვლა ყველა იმ პირს, რომელიც ეჭვმიტანილია პატიმრებისადმი სასტიკ, დამამცირებელ და ღირსების შემლახავ მოპყრობაში. სამოქალაქო საზოგადოების მიმართვის ტექსტი, რომელსაც ამ დროისთვის 50-ზე მეტი კერძო თუ ორგანიზაციული ხელმომწერი ჰყავს, წაიკითხა ირაკლი მელაშვილმა, წევრმა ორგანიზაციისა ”არჩევანის თავისუფლებისთვის”:

” მოგმართავთ წინადადებით, რომ გამოიყენოთ თქვენს ქვეყნებში არსებული პრაქტიკა (მაგალითად, ე.წ. ”მაგნიტსკის საქმე”) და, როგორც მინიმუმ, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრებს, აგრეთვე იუსტიციის მინისტრსა და მთავარ პროკურორს, როგორც საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების მიმართ სასტიკ და არაადამიანურ მოპყრობაში ეჭვმიტანილ პირებს, აეკრძალოთ თქვენს ქვეყნებში შესვლა მანამ, სანამ სრულფასოვნად და ობიექტურად არ იქნება გამოძიებული პენიტენციარულ სისტემაში ჩადენილი უმძიმესი დანაშაულებები.”
არ შეიძლება ასეთი რაღაცები აკეთო, ვითომ არაფერი იცი, შემდეგ ადგე, წახვიდე და მშვენივრად იგრძნო თავი გადასარევ ქვეყნებში, ეს არის ამორალური ...
ლაშა ტუღუში

სამოქალაქო საზოგადოების მიმართვის ტექსტს, ირაკლი მელაშვილის სიტყვებით, საერთაშორისო ორგანიზაციებს 22 სექტემბერს გადასცემენ. რა რეაგირება მოჰყვება სახელმწიფოთა მეთაურებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან ამ მიმართვას, მომავალი აჩვენებს, ამბობს ირაკლი მელაშვილი.

ამასთან, გაზეთ ”რეზონანსის” მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში მიიჩნევს, რომ ვიდრე პატიმრების წამებაში ეჭვმიტანილი პირების სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება და საქმე ბოლომდე იქნება გამოძიებული, ამ პირებმა ვერ უნდა მოახერხონ ქვეყნის დატოვება:

”არ შეიძლება ასეთი რაღაცები აკეთო, ვითომ არაფერი იცი, შემდეგ ადგე, წახვიდე და მშვენივრად იგრძნო თავი გადასარევ ქვეყნებში, ეს არის ამორალური. ამიტომ პრინციპულად მიუღებელია, სანამ არ დასრულდება ობიექტური გამოძიება ამ საქმეებზე და არ გავარკვევთ ბოლომდე და არ დავინახავთ, ვინ იყო ორგანიზატორი ასეთი არაადამიანური საქციელის, ეს ადამიანები უნდა აგებდნენ პასუხს და არ უნდა მიდიოდნენ კარგ ადგილებში, ვითომ არაფერი მომხდარა.”

აქვე უნდა ითქვას, რომ პატიმართა ცემის და ძალადობის ამსახველმა კადრებმა შოკი მოჰგვარა საერთაშორისო საზოგადოებას. ამის დასტურად გამოდგება იმ განცხადებების ტექსტები, რომლებიც, შეიძლება ითქვას, ჩვეულებრივ დიპლომატიურ ლექსიკას სცდება.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ დამნაშავეები დაისჯებიან. იმედი მაქვს, ყველა, ვისაც რაიმე სახით პასუხისმგებლობა ეკისრება ამ საშინელებაზე, დაისჯება კანონის ფარგლებში ...
ჟან კლოდ მინიონი

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) საქართველოს მონიტორინგის თანამომხსენებლებმა მიკაელ იენსენმა და ბორის ცილევიჩმა გამოხატეს შეძრწუნება საქართველოში გავრცელებული ვიდეოებით, რომლებშიც ნაჩვენები იყო ციხის ბადრაგის მიერ პატიმართა უფლებების დარღვევა და წამება, აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაც აქვეყნებს.

„ამგვარი პრაქტიკა მიუღებელია ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოსათვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივესალმებით ხელისუფლების მყისიერ რეაქციას. ჩვენ ველით, რომ ხელისუფლება ჩაატარებს ადამიანის უფლებათა ამ დარღვევების ყოვლისმომცველ და გამჭვირვალე გამოძიებას, ასევე უპასუხებს ფუნდამენტურ კითხვას, თუ როგორ მოხდა ასეთი რამ, მიუხედავად გაფრთხილებებისა ისეთი რესპექტაბელური ინსტიტუციის მხრიდან, როგორიცაა საქართველოს ადამიანის უფლებათა დამცველი“,- აღნიშნავენ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მონიტორინგის თანამომხსენებლები მიკაელ იენსენი და ბორის ცილევიჩი და იქვე დასძენენ, რომ „ყველა დამნაშავე, მათ შორის ისინიც, ვინც ხელს უწყობდა და თვალს ხუჭავდა ამგვარ დანაშაულზე, უნდა დაისაჯონ კანონის სრული დაცვით“.

შეძრწუნებული და შოკირებულია პატიმრებზე ძალადობით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ჟან კლოდ მინიონიც.
ჩვენ მოვუწოდეთ საქართველოს მთავრობას ჩაატაროს მიუკერძოებელი გამოძიება არა მხოლოდ თბილისის ციხეში მომხდარ კონკრეტულ ფაქტებზე ...
დევიდ დიაზ ჟოჟექსი

”ამგვარ დაუშვებელ სისასტიკეს ადგილი ჰქონდა ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოში. პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ დამნაშავეები დაისჯებიან. იმედი მაქვს, ყველა, ვისაც რაიმე სახით პასუხისმგებლობა ეკისრება ამ საშინელებაზე, დაისჯება კანონის ფარგლებში”, - აღნიშნულია ჟან კლოდ მინიონის განცხადებაში.

ღრმა შეშფოთებას გამოხატავს პატიმართა წამების ამსახველი ვიდეოკადრების გამო საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-იც, ორგანიზაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის დირექტორის მოადგილე დევიდ დიაზ ჟოჟექსი. მას რადიო თავისუფლება ტელეფონით ესაუბრა.

”ჩვენ მოვუწოდეთ საქართველოს მთავრობას ჩაატაროს მიუკერძოებელი გამოძიება არა მხოლოდ თბილისის ციხეში მომხდარ კონკრეტულ ფაქტებზე, არამედ იმ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული ვითარების შესასწავლად, რომლის შესახებაც საუბარი იყო სახალხო დამცველის, გიორგი ტუღუშის ყოველწლიურ მოხსენებაში. ჩვენ უკიდურესად შეშფოთებულები ვართ გენერალური პროკურატურის მხრიდან არასაკმარისი რეაგირებით, იმით, რომ, სახალხო დამცველის მიერ მიწოდებული ინფორმაციის მიუხედავად, გამოძიება საქმეებზე არ დაწყებულა. ”ამნესტი ინტერნეიშენალი” მიიჩნევს, რომ მინისტრების გადადგომა არასაკმარისი ზომაა. ვფიქრობთ, უნდა ჩატარდეს საფუძვლიანი გამოძიება ყველა ბრალდების შესახებ და ასევე უნდა დადგინდეს, თუ რატომ არ გამოიძია სათანადოდ პროკურატურამ ის ფაქტები, რომლებიც მისთვის ცნობილი იყო სახალხო დამცველის ოფისისგან.”

დაბოლოს, ევროკავშირის უმაღლესი კომისარი უსაფრთხოებისა და საგარეო ურთიერთობათა საკითხებში კეთრინ ეშტონი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს დაწვრილებით და გამჭვირვალედ გამოიძიოს პატიმრების წამების საქმე და დამნაშავენი სათანადოდ დასაჯოს, - ნათქვამია ეშტონის პრესსპიკერის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.