ხათუნა კალმახელიძემ პრემიერ-მინისტრს თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე მიმართა

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ პრემიერ-მინისტრს თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე მიმართა. განცხადებაში ხათუნა კალმახელიძე აცხადებს, რომ მისთვის უაღრესად შემაძრწუნებელია ის, რაც მოხდა გლდანის №8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. განცხადებაში ნათქვამია: ”ჩემი მინისტრობის პერიოდში მე მაქსიმალურად შევეცადე და ყველაფერი გავაკეთე იმისათვის, რომ ადამიანის უფლებები ყოფილიყო დაცული და რომ სასჯელაღსრულების სისტემა მაქსიმალურად შესაბამისობაში ყოფილიყო ევროპულ სტანდარტებთან, მაგრამ როგორც ჩანს, ეს ძალისხმევა არ იყო საკმარისი, იმიტომ, რომ ასეთ ფაქტებს ჰქონდა ადგილი, რასთან დაკავშირებითაც მე ძალიან ვწუხვარ და არ აქვს მნიშვნელობა, ვისი ორგანიზებული იყო ეს ყველაფერი.” ხათუნა კალმახელიძე აცხადებს, რომ ადამიანურად ძალიან წუხს და იღებს ”ადამიანურ და რა თქმა უნდა პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ამ ყველაფერთან დაკავშირებით.”