სპეცოპერაციის მოულოდნელი დასასრული

სოფელ დუისის სასაფლაო

ლოპოტის ხეობაში განხორციელებული სპეცოპერაციის დროს მოკლული ასლან მარგოშვილი და ბაჰაუდინ ქავთარაშვილი პანკისის ხეობის სოფელ დუისში 2 სექტემბრის ღამით ჩაასვენეს და დაკრძალეს. დუისელთა თქმით, დაკრძალვა მოკლულთა ოჯახის წევრებისა და ნათესავების მალულად მოხდა. დუისში არ ჩაუსვენებიათ ბაჰაუდინ ბაღაკაშვილის ცხედარი, რადგანაც, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბაღაკაშვილი გროზნოშია დაბადებული და მას პანკისის ხეობაში ნათესავები არ ჰყავს. სამინისტრომ ასევე გაავრცელა ინფორმაცია სპეცოპერაციის დროს მოკლული შეიარაღებული ჯგუფის სხვა წევრების შესახებ. რა გაგრძელება პოვა ლოპოტის ხეობაში ჩატარებულმა სპეცოპერაციამ და რას ცვლის ლიკვიდირებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების ყოფნა?

პანკისის ხეობის სოფელ დუისში ოჯახის წევრი ქალები 26 წლის ბაჰაუდინ ქავთარაშვილს გლოვობენ. დუისელთა თქმით, ქავთარაშვილი დედის გვარია, სინამდვილეში მოკლულის გვარი ალდამოვია. გლოვაა ასლან მარგოშვილის ოჯახშიც. ლოპოტის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული 22 წლის ასლან მარგოშვილის მამიდას, მედიკო მარგოშვილს, უჭირს იმის დაჯერება, რომ მისი ძმისშვილი, თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი, რომელიც საზღვარგარეთ ეგულებოდა, შეიარაღებული ჯგუფის წევრი იყო:

„დღეს ვიგებთ ამ ყველაფერს. არ მეგონა, ასეთი დაჯგუფებები საზღვარგარეთაც თუ არსებობდა და იქაც თუ იყვნენ ვაჰაბიტები. სად გადადიოდნენ? ვის ეომებოდნენ? რა უნდოდათ?“

29 აგვისტოს ლოპოტის ხეობაში სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებულთა შორის საქართველოს მოქალაქეებთან ერთად რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებიც იყვნენ. 3 სექტემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ნიკა კობახიძემ შემდეგი შინაარსის განცხადება გაავრცელა:
„საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს მოგაწოდოთ ახალი ინფორმაცია ლოპოტის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულ პირთა ვინაობის შესახებ. ცხედრების ექსპერტიზის, დათვალიერებისა და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, შესაძლებელი გახდა 11 ლიკვიდირებული პირიდან 7 ცხედრის ვინაობის დაზუსტება.
იდენტიფიცირებული 7 ცხედრიდან 2 არის საქართველოს მოქალაქე.
ასლან მარგოშვილი - დაბადების თარიღი: 28/06/1990. ბაჰაუდინ ქავთარაშვილი - დაბადების თარიღი 07/02/1986.
5 ცხედარი არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქის ჩრდილოეთ კავკასიიდან. აქედან ერთ-ერთი, ბაჰაუდინ ბაღაკაშვილი, არის დაბადებული გროზნოში 1986 წლის 10 თებერვალს და მას ნათესავები ჰყავს პანკისის ხეობაში. დანარჩენი იდენტიფიცირებული რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები არიან.“

გამოაცხადებდნენ, რომ საქართველო მფარველობს ტერორისტებს! კი არ ებრძვის მას, არამედ ხელს უწყობს, რომ ისინი გადავიდნენ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე. იტყოდნენ, რომ საქართველომ თავისი ტერიტორიიდან ბანდფორმირებები გაატარა რუსეთში და ამით შელახულიყო საქართველოს იმიჯი...
ნიკა ჩიტაძე

სპეცოპერაციის დროს მოკლულთა შორის საქართველოს მოქალაქეების ყოფნას ბოლო დრომდე უარყოფდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. აი, რა განაცხადა 1 სექტემბერს მინისტრის მოადგილემ შოთა ხიზანიშვილმა:

„ჩვენ მიერ ლიკვიდირებული 11 ადამიანიდან არც ერთი არ არის საქართველოს მოქალაქე, თუმცა ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქე, რომელიც გადაადგილდება საქართველოს ტერიტორიაზე შეიარაღებული, იყვანს მძევლებს, კლავს შსს-სა და თავდაცვის სამინისტროს ოფიცრებს, ასეთ შემთხვევაში სახელმწიფოს რეაქცია მათ მიმართ იქნება ისეთი, როგორიც იყო.“

ქართველ ექსპერტთა ნაწილიც მიიჩნევს, რომ ახალი გარემოება არსებითად არაფერს ცვლის. ნიკა ჩიტაძის თქმით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ შეიარაღებული ჯგუფი პანკისის ხეობაში მოქმედებდა და არ შემოსულა რუსეთის ფედერაციის მხრიდან, საქართველოს ხელისუფლებას არ შეეძლო არ დაჰპირისპირებოდა მას, ისევე როგორც არ შეეძლო მათი გატარება საქართველო-რუსეთის საზღვარზე. ჩიტაძის თქმით, ერთადერთი გამოსავალი იარაღის დაყრა და დანებება იყო.

„გამოაცხადებდნენ, რომ საქართველო მფარველობს ტერორისტებს! კი არ ებრძვის მას, არამედ ხელს უწყობს, რომ ისინი გადავიდნენ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე. იტყოდნენ, რომ საქართველომ თავისი ტერიტორიიდან ბანდფორმირებები გაატარა რუსეთში და ამით შელახულიყო საქართველოს იმიჯი“, – უთხრა ნიკა ჩიტაძემ რადიო თავისუფლებას.

თუმცა ექსპერტთა კიდევ ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ ბუნდოვანი რჩება ლოპოტის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის რამდენიმე გარემოება, რასაც მეტ გაურკვევლობას სძენს შინაგან საქმეთა სამინისტროს მცდელობა მიეჩქმალა მოკლულთა წარმომავლობა. კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრის მამუკა არეშიძის თქმით, ეჭვების გასაფანტად პასუხი უნდა გაეცეს რამდენიმე შეკითხვას:

მამუკა არეშიძე

„პირველი: სად, როგორ და ვინ შექმნა ეს რაზმი? მეორე: სად მიდიოდა ეს რაზმი? და მესამე: რამდენად იყო საქართველოს ხელისუფლება ინფორმირებული ამ რაზმის არსებობის შესახებ და, საერთოდ, მისი გადაადგილების მარშრუტში? - აი, ეს არის ის კითხვები, რომლებსაც ნელ-ნელა უნდა გაეცეს პასუხი, თორემ დღეს პანკისის ხეობის მოსახლეობა არის უაღრესად რთულ ვითარებაში, უაღრესად აგრესიულად არიან განწყობილი საქართველოს ხელისუფლების მიმართ და სულში ჩაფურთხებულად თვლიან თავს, რადგანაც სიმართლეს ვერაფრით მიაღწიეს.“

იმის გასარკვევად, თუ რა ვითარებაა პანკისის ხეობაში, რადიო თავისუფლება ტელეფონით დაუკავშირდა დუისში მცხოვრებ ქალს, რომელმაც ვინაობის საჯაროდ დასახელება არ ისურვა:

„მთელი ხეობა არის დაზაფრული! ასეთი სიტუაცია ჩეჩნეთის ომის დროსაც კი არ ყოფილა. არც ისეთი შემთხვევა ყოფილა ქისტებში აქამდე, რომ მიცვალებულის გლოვა არ დაენებებინოთ. აქაური წესის მიხედვით, იხსნება ხოლმე ჭიშკრები, მაგრამ ამჯერად არ მოგვცეს ამის უფლება. დადის პატრული, გვითვალთვალებს და არავის გვაძლევს უფლებას, რომ ერთმანეთთან კავშირი გვქონდეს.“
რატომ, რის გულისთვის დაიღუპა სამი სპეცრაზმელი, სახელოვანი ბიჭი? ეგენიც ხომ თავიანთი დედების მშვენიერი შვილები იყვნენ, როგორც ჩვენები! ყველაფერი ეს ამ ვაჰაბიზმმა მოიტანა! რატომ ჰყავს ისინი ჩვენს ხელისუფლებას აქ, რატომ არ გაჰყავთ?..
მედიკო მარგოშვილი

თუმცა საქართველოს ხელისუფლებაში იმედოვნებენ, რომ სიტუაცია არც ხეობაში დაიძაბება და საქართველოს არც ჩრდილოკავკასიელ ხალხებთან გაუფუჭდება ურთიერთობა. ამის შესახებ განცხადება 3 სექტემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ გააკეთა. მისი თქმით, „სავიზო რეჟიმის გამარტივების შემდეგ ჩრდილოკავკასიელებთან ურთიერთობასთან მიმართებაში პოზიტიურ დინამიკას აქვს ადგილი ". რაც შეეხება პანკისის ხეობას, იქ, სპეცოპერაციის დროს მოკლული 22 წლის ასლან მარგოშვილის ოჯახში, შვილთან ერთად სპეციალური რაზმის წევრებსაც დასტირიან.

„რატომ, რის გულისთვის დაიღუპა სამი სპეცრაზმელი, სახელოვანი ბიჭი? ეგენიც ხომ თავიანთი დედების მშვენიერი შვილები იყვნენ, როგორც ჩვენები! ყველაფერი ეს ამ ვაჰაბიზმმა მოიტანა! რატომ ჰყავს ისინი ჩვენს ხელისუფლებას აქ, რატომ არ გაჰყავთ?“ - კითხულობს მედიკო მარგოშვილი, ლოპოტის ხეობაში მოკლული 22 წლის ასლან მარგოშვილის მამიდა.