ბიძინა ივანიშვილმა 80 მლნ ლარი გადარიცხა საქართველოს ბიუჯეტში

კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა 80 მილიონი ლარი გადარიცხა საქართველოს ბიუჯეტში. სასამართლომ ის კონტროლის პალატის მიერ მომზადებული ორი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე დააჯარიმა 74,3 მილიონამდე ლარით. ივანიშვილი დაკისრებულ ჯარიმას უკანონოდ მიიჩნევს, მაგრამ გამოთქვამს სურვილს, რომ მის მიერ გადარიცხული ფული მოხმარდეს სტიქიის შედეგად დაზარალებულების დახმარებას. როგორც ივანიშვილი აღნიშნავს სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, საქართველოს ხელისუფლებამ მას „ყველა გზა მოუჭრა და ერთადერთი კანონიერი საშუალება, გაჭირვებაში მყოფი ადამიანების დასახმარებლად, უკანონოდ დაკისრებული ჯარიმების გადახდაა“. ბიძინა ივანიშვილის თქმით, თანხა სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეთა სრულფასოვანი დახმარებისთვის არის განკუთვნილი, თანხის ხარჯვის მონიტორინგს კი "ქართული ოცნება" განახორციელებს.