სტიქიის გამო დაზარალებულთა რეგისტრაციის პროცესის დასასრულებლად და მათთვის კატეგორიების მისანიჭებლად საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გამგებლებსა და რწმუნებულებს 10-დღიანი ვადა მისცა. როგორც ვანო მერაბიშვილმა 24 ივლისს, კახეთში, საგანგებო შტაბის თათბირზე აღნიშნა, 10 დღის შემდეგ დაზარალებულთა სიები უნდა გადაეცეს ჯანდაცვის სამინისტროს, რომელმაც, ბანკის საშუალებით, ”უმოკლეს ვადაში” უნდა დაიწყოს და დაახლოებით ერთ კვირაში დაასრულოს ფულადი კომპენსაციების დარიგება. მთავრობის დაპირების მიხედვით, სასაოფლო-სამეურნეო სავარგულების მთლიანად განადგურების შემთხვევაში ფინანსური კომპენსაცია 1 300-1 500 ლარს შეადგენს; 70–80%-იანი ზარალისთვის 800-900 ლარი გამოიყოფა; ხოლო ის, ვინც მოსავლის ნახევარი დაკარგა, კომპენსაციის სახით, 300-დან 500 ლარამდე თანხას მიიღებს. პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, უკვე დასრულებულია შხამ-ქიმიკატების დარიგებისა და საბანკო კრედიტების გადავადების პროცესი და, თუკი ვინმეს ამ მხრივ პრობლემები შეექმნება, მან ისევ გამგებლებსა და რწმუნებულებს უნდა მიმართოს. მერაბიშვილის თქმით, 1 სექტემბრამდე უნდა დასრულდეს იმ სტუდენტების რეგისტრაცია, რომლებიც არ სარგებლობენ სახელმწიფო გრანტით და აქვთ პრობლემები სწავლის საფასურის გადახდასთან დაკავშირებით. "1 სექტემბრამდე უნდა დავაზუსტოთ სიები, ოდენობა ამ გადასახადის რესტრუქტურიზაციის საკითხთან დაკავშირებით", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, რომელიც 24 ივლისს გამართულ საგანგებო თათბირზე ადგილობრივი ხელისუფლების ანგარიშსაც ისმენდა. როგორც პრეზიდენტის რწმუნებულმა კახეთში გიორგი ღვინიაშვილმა აღნიშნა, სახურავების შეკეთების პროცესი დაწყებულია დაზიანებული სახლების დაახლოებით 80%-ის შემთხვევაში და ამ პროცესის დასრულება დაახლოებით 20 დღეს მოითხოვს. საგანგებო თათბირზე პრემიერ-მინისტრისთვის მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, კიდევ 4 დღეს გასტანს სტიქიით დაზარალებულთათვის სურსათის დარიგების პროცესი. ხოლო როგორც პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ აღნიშნა 24 ივლისს გამართულ ტრადიციულ პრიფინგზე - ”კახეთში სულ 28 ათას ოჯახს უნდა მიეღო სასურსათო კალათი” და შუადღის მონაცემებით ის უკვე მიღებული ჰქონდა ”14 ათას ოჯახს”.