საქართველოში სტიქიით დაზარალებულების დასახმარებლად დაგეგმილ საბიუჯეტო ცვლილებებთან დაკავშირებით, პარლამენტში იმართება საკომიტეტო მოსმენები, რომლებსაც ხვალ მოჰყვება პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ცვლილებების დასამტკიცებლად. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა, მანანა მანჯგალაძემ, ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება საკომპენსაციო თანხების დარიგება. "სავარაუდოდ, ეს მოხდება აგვისტოს პირველ რიცხვებში, კახეთის რეგიონიდან ჯანდაცვის სამინისტროში უკვე შევა დაზუსტებული სიები და 15 აგვისტოსთვის კომპენსაციების დარიგება დასრულებული იქნება", - განაცხადა მანანა მანჯგლაძემ. მისი თქმით, მთლიანობაში საბიუჯეტო ცვლილებებით გათვალისწინებულია 160 მილიონი ლარის მობილიზება-გადანაწილება. იუწყებიან აგრეთვე, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა კახეთში, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო საგანგებო შტაბის სხდომაზე მყოფ გამგებლებსა და რწმუნებულებს მისცა 10-დღიანი ვადა სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის რეგისტრაციის დასასრულებლად.