”მასთ ქერის” პრინციპის დაკანონების შესაძლებლობას მიესალმა საქართველოში ევროკავშირის ელჩი ფილიპ დიმიტროვი. მისი განცხადებით, იმედისმომცემია ის ფაქტი, რომ საარჩევნო პერიოდში ”მასთ ქერი” და ”მასთ ოფერი” დღის სინათლეს იხილავს და ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამომრჩეველთა მოსამზადებლად. დიმიტროვის თქმით, როგორც ჩანს, ამ თემაზე ხანგრძლივ დისკუსიას წერტილი წარმატებით დაესვა. ჟურნალისტების შეკითხვას კომპანია ”გლობალ TV”-ის სატელიტური ანტენების დაყადაღების შესახებ, ფილიპ დიმიტროვმა უპასუხა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების კომენტირების უფლება არა აქვს. ”მთავარია, საქართველოში არსებული ინსტიტუციებისადმი ნდობა იყოს მაღალი და მნიშვნელოვანია, რომ კანონის აღსრულებისას თავი ავარიდოთ რისკს, რომელმაც შესაძლოა, რისკის ქვეშ ნდობა დააყენოს", - განაცხადა დიმიტროვმა.