პაკისტანის მედიის ცნობით, მოსამართლეებმა გასცეს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, მახდუმ შაჰაბუდინის დაპატიმრების ორდერი. ეს ცნობა გავრცელდა სულ რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც შაჰაბუდინის კანდიდატურა პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარადგინა პრეზიდენტმა ასიფ ალი ზარდარიმ. დაპატიმრების ორდერის გაცემის მიზეზად სახელდება პაკისტანში აკრძალული ნივთიერების უკანონო იმპორტი, რაც შაჰაბუდინის ჯანდაცვის მინისტრობის დროს მოხდა. ამჟამად შაჰაბუდინი საფეიქრო მრეწველობის მინისტრია და პრემიერ-მინისტრად იქნა ნომინირებული მას შემდეგ, რაც ამ პოსტიდან გადააყენეს იუსუფ რაზა გილანი. პაკისტანის უზენაესმა სასამართლომ მას უფლებამოსილება შეუწყვიტა მართლმსაჯულების აღსრულებისათვის ხელის შეშლაში ბრალდების საფუძველზე.