ჰოსნი მუბარაქი კომაშია

2012 წლის 2 ივნისი, კაირო: ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი სასამართლოში, მისთვის სამუდამო პატიმრობის მისჯის შემდეგ

სამშაბათს ღამით ეგვიპტის ოფიციალურმა მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ 84 წლის მუბარაქს ინსულტი მოუვიდა, რის გამოც ის საპატიმროდან სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ამასთან, საინფორმაციო სააგენტო „მენა“ იუწყებოდა ყოფილი პრეზიდენტის „კლინიკურ სიკვდილზე“, რაც სიცოცხლის ნიშნების დაკარგვაზე - სისხლის მიმოქცევის, სუნთქვის შეჩერებაზე - მიუთითებს. მაგრამ მოგვიანებით გავრცელდა ცნობა, რომ პაციენტი კომაშია და მიერთებულია სასუნთქ აპარატთან.

სხვადასხვაგვარია რეაქციებიც, რომლებიც მოჰყვა ყოფილი პრეზიდენტის შესახებ გავრცელებულ ცნობებს.

„ღმერთმა ხანგრძლივი სიცოცხლე მისცეს პრეზიდენტს, თუ ის ჯერ კიდევ ცოცხალია. ღმერთმა შეინდოს მისი სული, თუ გარდაიცვალა. მას ბევრი სიკეთე აქვს გაკეთებული ქვეყნისთვის და ჩვენ არ დავივიწყებთ მის დამსახურებებს. ის სამხედრო პირი იყო და მძიმე ომები გამოიარა, ბევრჯერ დაგვეხმარა. ამიტომ მას ხელის გულზე ვატარებდით“, - ამბობს კაიროს მკვიდრი ზაკი მოჰამედი, როგორც მისი სიტყვებით ჩანს, მუბარაკის მომხრე.

განსხვავებულია შეფასება, რომელიც კაიროს ცენტრალურ ტაჰრირის მოედანზე საინფორმაციო სააგენტო „როიტერსის“ კორესპონდენტთან საუბარში გამოთქვა ადელ მორადმა: „არაფერი გვინდა არც მისი, არც მისი ოჯახის. გვინდა, რომ თავი დაგვანებონ იმიტომ, რომ თავი მოგვაბეზრეს. მოუთმენლად მოველით, რომ კარგმა ხალხმა გვიხელმძღვანელოს. მისი ოჯახიდან არავინ გვჭირდება. გვინდა სიცოცხლე, გვჭირდება უსაფრთხოება, გვჭირდება წესიერად ცხოვრება. გვჭირდება თავისუფლება და ჩვენი ღირსების დაბრუნება“.

მუბარაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყურადღების ცენტრში მოექცა მაშინ, როცა ეგვიპტეში სულ უფრო მწვავდება დაძაბულობა ახალი პრეზიდენტის არჩევასთან დაკავშირებით. მოძრაობა „მუსლიმთა საძმო“ აცხადებს, რომ გასული კვირის მიწურულს დასრულებულ არჩევნებში მისმა კანდიდატმა აჯობა მეტოქეს - ყოფილ გენერალს. მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგი ჯერ კიდევ უცნობია.

ბევრი გამოთქვამს ვარაუდს, რომ ქვეყნის მმართველი სამხედრო საბჭო ცდილობს, ეგვიპტელების ყურადღება გადაიტანოს პოლიტიკური პროცესებიდან და საამისოდ იყენებს ცნობებს მუბარაქის ჯანმრთელობის გაუარესებაზე.